Saturday, July 3, 2010

მუსიკა


მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.

ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.

მუსიკის სტილები და ჟანრები

ბლუზიელექტრონული მუსიკავესტერნიკამერული მუსიკაკლასიკური მუსიკაკომიკური ოპერამარშიოპერაოპერეტაპანკიპასტორალიპოპ–მუსიკარაფსოდიარეგეირეპიროკ–მუსიკამეტალისაესტრადო მუსიკასერენადასიმფონიური მუსიკასიმფონიასიმღერასიუიტასონატასოულიტანგოქანთრიხალხური მუსიკაშანსონი - ჯაზიჰეროიკული ოპერაჰიმნი


თეატრი




  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედეbები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.

თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.

აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.

თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.

თეატრის სახეობები

*დრამა ეპოსსა და ლირიკასთან ერთად წარმოადგენს ლიტერატურის სამ მთავარ ჟანრთაგან ერთ-ერთს, გარდა ამისა, ცალკეულ პიესასაც შეიძლება დრამა ვუწოდოთ. თეატრში მთავარი არის დრამა, ანუ ტექსტი. მაშასადამე დრამა ლიტერატურული ფორმაა, რომელიც მოიცავს მსახიობთათვის დაწერილი სცენარის შესრულებას, როლის განსახიერებას.

*კაბუკი (歌舞伎) ტრადიციული იაპონური თეატრის ფორმაა. კაბუკის თეატრი ცნობილია მისი დრამატურგიის სტილიზაციითა და შემსრულებელთა ზედმიწევნით დეტალური მაკიაჟით. კაბუკის იაპონურ დამწერლობაში იეროგლიფები მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს სიმღერას (歌), ცეკვას (舞), და ხელოვნებას (伎). შესაბამისად კაბუკი ხშირად ითარგმნება, როგორც "სიმღერისა და ცეკვის ხელოვნება". თუმცა ეს იეროგლიფები ატეჯის მიეკუთვნება, რაც არ გამოხატავს ფაქტიურ ეტიმოლოგიას, და სიტყვა კაბუკი, როგორც მიიჩნევა, წარმოებულია ზმნისგან "კაბუკუ", რაც ნიშნავს "გადახრას", ან "არა-ჩვეულებრივს", შესაბამისად კაბუკი შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც "ავანგარდი" ან "უჩვეულო" თეატრი.

*კომედიის ჟანრული თავისებურებაა მძლავრი სოციალური ჯღერადობა, სოციალურ-პოლიტიკური ტენდენციურობა. იუმორისა და სატირის საშუალებით კომედიაში მხილებულია ცხოვრებისეული მანკიერებანიდა სიმახინჯე (ოღონდ ისეთი, რომელსაც თან არ ახლავს ტანჯვა და უბედურება). მანკიერება აქ სიცილის დონეზეა. სიცილი კომედიაში გამარჯვებული გმირის როლში გამოდის, რომელიც ათავისუფლებს მკითხველს წარმოდგენილი მანკიერებისაგან და ამეფებს ჯანსაღ ცხოვრებისეულ საწყისებს.

*მიუზიკლი, როგორც სასცენო სელოვნების ჟანრი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს აშშ-ში. 1866 წელს აქ დაიდგა ბიკნელის პიესა „შავი ქურდი“ (ინგლ. The Black Crook), სადაც ერთმანეთს შეერწყა მელოდრამა, სიმღერა და ე. წ. „შოუ გიორლსი“ (ეს სპექტაკლი სცენიდან 25 წელი არ ჩამოსულა).

XX საუკუნის დასაწყისში შავკანიანმა მსახიობებმა ბ. უილიამზმა და დ. უოკერმა ნიუ-იორკში დადგეს რამდენიმე მიუზიკლი (კომპოზიტორი უ. კ. კუკი). ამ სახის სპექტაკლები ძალზე პოპულარული იყო I მსოფლიო ომის შემდეგაც. მოგვიანებით შეიქმნა საუკეთესო მიუზიკლები: კერონის „მცურავი თეატრი“ (1929), გერშვინის „მე შენზე ვმღერი“ (1931), ვეილის „ჯონ ჯონსონი“ (1936), როჯერზის „ოკლაჰომა“ (1943), პორტერის „მაკოცე, კეტ!“ (1948), ფ. ლოუს „ჩემი მშვენიერი ლედი“ (ბერნარდ შოუს „პიგმალიონის“ მიხედვით, 1956) და სხვა.

განასხვავებენ კომედიის ორ სახეს: სიტუაციებისა და ხასიათების კომედიას. სიტუაციების კომედიაში კომიკურია შექმნილი მდგომარეობა, სასაცილოდ დაძაბულია ინტრიგა. ხასიათების კომედაში კომიზმს საფუძვლად უდევს არაჰარმონიული ხასიათები, მათი უცვლელი ცალმხრივობა, ხასიათი ერთი რომელიმე თვსების ჰიპერტროფია. ხასიათების კომედია კომედიის უფრო მაღალი ფორმაა, რადგან აქ ყოველთვის დიდ ადგილი ეთმობა ფსიქოლოგიას და მოითხოვს უფრო განათლებულ მაყურებელსა და მკითხველს.

*ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.

*ტრაგედია (ბერძნ. tragodia < href="http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%90" title="თხა">თხა და ode - სიმღერა; რელიგიური სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასსწაულებზე წელიწადში 4-ჯერ) დრამატული ჟანრი, გამსჭვალული ტრაგიკულის პათოსით. კომედიის საპირისპირო. ტრაგედიაში ნაჩვენებია ტრაგიკული კოლიზია, ამაღლებული ტრაგიკული ხასიათები, შეურიგებელი ბრძოლა და დადებითი გმირის კატასტროფული მარცხი.

განვითარება

ტრაგედია აღმოცენდა ანტიკურ საბერძნეთში სარიტუალო სახიობიდან, რომელიც დაკავშირებული იყო მწუხარე ამბებსა და განცდებთან. გუნდი მღეროდა დითირამბებს და ინსცენირებული იყო დიონისეს სიკვდილი და გლოვა-დატირება. ანტიკურ ტრაგედიას ემჩნევა რელიგიურ-სატირული თქმულების ნიშანი: ის ეძღვნებოდა მითებს ღმერთებისა და გმირების საბედისწერო შერკინების შესახებ და ამავე დროს იწვევდა ერთიან განცდას, ელდას, ძლიერ ფიზიოლოგიურ სეგრძნებებსაც კი.

არისტოტელე მიუთითებდა, რომ ტრაგედია მაყურებელში იწვევდა უძლიერეს სინაგან კონფლიქტს, აფექტებს, რომლებისგანაც თავისუფლდებოდნენ კათარზისის გზით.

ტრაგედიაში მითოლოგიური პათოსი გვიან ანტიკურ ხანაში იკარგება ადამიანის ინდივიდუალურ ჩამოყალიბებას, ბიროვნებასა და საზოგადოებას შორის კონფლიქტების გაჩენის შედეგად. შუა საუკუნეებში ტრაგიკული შემოიფარგლა ადამიანის ცოდვებისა და რელიგიური ასკეზისის აუცილებლობით. რენესანსის ეპოქაში ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად აღორძინებულია ტრაგედიაც და იგი ისევ აიგება მიბაძვის, ტრაგიკულისა და კათარზისის პრინციპების საფუძველზე.

ტრაგედია მწვერვალს აღწევს უილიამ შექსპირის შემოქმედებაში.

კლასიციზმის ესთეტიკამ გამოყო დრამატული ხელოვნების ჟანრების - ტრაგედიისა და კომედიის ზუსტი საზღვრები და დააწესა ე.წ. სამი ერთიანობის კანონი. განმანათლებლობის ეპოქაში ტრაგედიის დანიშნულებად თვლიან განწმენდას თანაგრძნობისა და შიშის მეშვეობით.

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ტრაგედიის ახალი დიალექტიკური გაგება-განმტკიცება მოცემულია გერმანულ ესთეტიკაში. ტრაგედია და ტრაგიკული პრობლემები საფუძვლიანად დაამუშავა ჰეგელმა, რომლის ერთ-ერთ უდიდეს მიგნებად ტრაგიკულის სუბსტანციურ სფეროსთან დაკავშირება ითვლება. შოპენჰაუერმა პესიმიზმის პოზიციებიდან ტრაგედია მიიჩნია, როგორც ბრმა და უაზრო ბედისწერის თამაში, რომელიც სიცოცხლის სურვილსაც კი სპობს.






ლიტერატურა



ლიტერატურა
- ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით - მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას, მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და კვლევის საშუალება.


ლიტერატურის სახეები

განასხვავებენ ლიტერატურული ხელოვნების ორ სახეს: პოეზიას და პროზას. პოეზია არის ემოციების გადმოცემა სიტყვის მუსიკით, რომელიც მეტრიკის გარკვეულ წესებს ემორჩილება, ხოლო პროზა ჩვეულებრივი მონათხრობია ლექსთაწყობის გარეშე. პროზა უფრო ეთანადება ყოველდღიურ სასაუბრო ენას, ვიდრე პოეზია. ანტიკური ლიტერატურული ნაწარმოებები ლექსად იყო შექმნილი, პროზა უფრო გვიანდელი ეტაპია. მხოლოდ მე-18-19 საუკუნეებში მოხდა მათი გათანაბრება მნიშვნელობის მიხედვით.


ანტიკური ხელოვნება


"ძველებური, ძველი"
ძველი საბერძნეთისა და ძველი რომის ხელოვნება. ცნება «ანტიკური ხელოვნება» გაჩნდა აღორძინების (რენესანსის) ეპოქაში, როცა ძველი საბერძნეთისა და რომის შესანიშნავი ქმნილებები ითვლებოდა სანიმუშო, კლასიკურ ქმნილებებად ევროპული კულტურისათვის. ანტიკური ხელოვნების იდეალს შეადგენდა ჰარმონიულად განვითარებული, იდეალურად მშვენიერი ადამიანის - მოქალაქის, ღირსეული მებრძოლისა და ერთგული პატრიოტის სახე, რომელშიც ათლეტური სხეულის მშვენიერება შერწყმულია მისსავე ზნეობრივ სიწმინდესა და სულიერ სიმდიდრესთან და რამაც, უპირველეს ყოვლისა, ხორცშესხმა პოვა ქანდაკებაში, ფერწერაში, გამოყენებით ხელოვნებაში. ბერძნული არქიტექტურის მწვერვალია პართენონი (V ს. ძვ.წ.-ით) - ქალღმერთ ათენას ტაძარი, რომელიც ქალაქის ამაღლებულ ნაწილში - აკროპოლისზეა აღმართული. ამავე პერიოდში შეიქმნა ძველბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშები, რომლებშიც გამოკვეთილია პროპორციები, მოძრაობა, სახეებში - შთაგონება. თავისი დროის უდიდესი მოქანდაკეები იყვნენ მირონი, პოლიკლიტე, ფიდიასი, ძვ.წ..IV ს-ში კი - სკოპასი, პრაქსიტელე, ლისიპე. ძველი რომის ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა უძველესი სამყაროს მხატვრული კულტურის განვითარებაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შესანიშნავად დაგეგმილი ქალაქების ანსამბლები, უძველესი სამყაროს ყველაზე დიდი ამფითეატრი - კოლიზეუმი, რომის იმპერიის ღმერთთა ტაძარი - პანთეონი. აღსანიშნავია რომაული სკულპტურული პორტრეტის ხელოვნება, რომელიც გამოირჩევა სახეების ზუსტი დახასიათებითა და ცხოვრებისეული სიმართლით; ფრესკული ფერწერისა და მოზაიკის ნიმუშები კი, რომლებიც აღმოაჩინეს პომპეის გათხრებისას, ეპოქის თავისებური ბიოგრაფიაა, ასახული განუმეორებელ მხატვრულ სახეებში. ცნება «ანტიკური თეატრი» გულისხმობს, ძირითადად, ძველბერძნულსა და ძველრომაულ თეატრს. ანტიკური თეატრის განვითარების პერიოდში ჩაეყარა საფუძველი თეატრალურ ხელოვნებას, აიგო თეატრალური ნაგებობები, შეიქმნა სპექტაკლების დეკორაციული გაფორმების პირველი ნიმუშები. დიონისეს თეატრი 17 ათას მაყურებელს იტევდა, ერთ-ერთი უდიდესი, მეგაპოლისის თეატრი კი - 44 000. ანტიკური ლიტერატურის ჟანრთა სათავეში იდგა გმირული პოემა (ჰომეროსის «ილიადა» და «ოდისეა»), რომლის შემდეგაც განსაკუთრებით პატივსაცემ ჟანრად ითვლებოდა ტრაგედია. მასში აისახებოდა ეპიზოდები ბერძნული მითებიდან. ბერძნული ტრაგედიის კლასიკოსები იყვნენ ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე, რომში - სენეკა. კომედიის ჟანრის ოსტატად ითვლებოდა არისტოფანე. ანტიკურ ლირიკაში გაბატონებული ჟანრი იყო «ოდა», რაც ნიშნავდა უბრალოდ სიმღერას, ანუ ლექსს სიმღერისათვის. დეკლამირებისათვის განკუთვნილ ლექსს უწოდებდნენ "ელეგიას".

ხელოვნება


ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.

ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.

შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.